ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ დააჯილდოვეს.შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
„მეშახტე“ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის „ლიგა 3-ში,“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20 გუნდთან ერთად, მონაწილეობდა. პირველი წრის ბოლოს მისი პოზიციები არასახარბიელო იყო. ზედიზედ 6 ტურის წაგების შემდეგ, გუნდის დაქვეითების საშიშროება შეიქმნა. თუმცა, კლუბის დირექტორის, გია ბოჭორიშვილის, სწორი მენეჯმენტის მიხედვით, მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი შეიცვალა. შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე წრის თამაშებში „მეშახტემ“ თავი ისახელა, 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო, ერთი ფრედ ჩაატარა და რამდენიმე გასვლით შეხვედრაშიც გაიმარჯვა, რითაც საუკეთესო ათეულის ცხრილში მერვე ადგილი დაიმკვიდრა და მომავალი სეზონიდან „პროფესიულ ლიგა 3-ში“ ასპარეზობის უფლება მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე კლუბის ფინანსური მდგომარეობა მომავალი სეზონიდან გაუმჯობესდება, რაც მეტი წარმატების საწინდარი გახდება. თუმცა, ამ შედეგის დადგომამდე მან საკმაოდ რთული და კრიზისული პეროიდი განვლო, როგორც დეფიციტური ბიუჯეტის, ისე შემადგენლობის კუთხით.
სწორედ, ამ გადალახულ პრობლემებზე ისაუბრა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და მადლობა გადაუხადა „მეშახტის“ თითოეულ წევრს იმ გუნდური შრომისათვის, რამაც ტყიბულში ფეხბურთის გულშემატკივრებს მომავლის იმედი ჩაუსახა და სიხარული მიანიჭა. მან განსაკუთრებით კი მთავარი მწვრთნელის, ლევან ჯოხაძის, წვლილზე ისაუბრა. მერმა აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მომავალი წლისათვის ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივაც. უკვე მზადაა ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი. გარდა ამისა, იგეგმება რამდენიმე მინი-სტადიონის მოწყობაც. ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემაც. მან თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისა და ქალაქის სახელის წარმოჩენისათვის.
თემურ ჩუბინიძემ და ნატალია კობახიძემ თითოეული ფეხბურთელი, ადმინისტრაციისა და მწვრთნელთა საბჭოს წევრები მიღწეული წარმატებისათვის, მუნიციპალიტეტის სახელით, - სიგელებით, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლევან ჯოხაძე და მისი ასისტენტი, მერაბ ბაბუხადია, ხატებით დაასაჩუქრეს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “კლუბ „მეშახტის“ დაჯილდოება”
კომენტარები გამორთულია