სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში კონკურსი მეორედ ჩაატარა. 1999 წლის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საპაექროდ „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ერთმანეთს სამი კონკურსანტი შეეჯიბრა. ისინი ჟიურის მიერ მითითებულ სტროფებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰყვებოდნენ.
„ძალიან გახარებული ვარ მასპინძელთა კეთილგანწყობით, ჩემი კონკურენტის სიძლიერით, ჩვენ ერთმანეთს 16 წლის წინაც შევხვდით. მაშინ ბატონი თემური ვერ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ძალიან სასიამოვნოა, რომ მან გამიწია ღირსეული მეტოქეობა“, – ამბობს ანრო ცირეკიძე, რომელიც უკვე მეოთხე კონკურსში მონაწილებს და ოთხივე შემთხვევაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მისი თქმით, მსგავსი კონკურსით, წიგნთან ზურგშექცეული ახალგაზრდობა წიგნისკენ მობრუნდება.
ჟიურის გადაწყვეტილებით ორი პირველი ადგილის მფლობელი გამოვლინდა. ანრო ცირეკიძემ და თემურ ხუციშვილმა ფულადი ჯილდო 1 000 – 1 000 ლარი მიიღეს.
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2016 წელი კი „ვეფხისტყაოსნის“ წლადაა გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის სამხელმწიფო უნივერსიტეტი „ვეფხისტყაოსნის“ მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსს მომავალ წელსაც ჩაატარებს.
კომენტარები გამორთულია