215_05

ემიგრანტების საჩუქრები მეშახტეთა შვილებს

  ტყიბულის შახტში 2006 წლიდან დაღუპულ და დაშავებულ, ასევე, ტყიბულში დარეგისტრირებულ მრავალშვილიან მეშახტეთა არასრულწლოვანი შვილები და ოჯახები წინასაახალწლოდ დაასაჩუქრეს. აღნიშნულ პირებს სადღესასწაულო განწყობის შექმნისა და მათ მიმართ სიყვარულის, პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვის მიზნით ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისაგან ფულადი თანხა და საახალწლო ნუგბარი გადაეცათ. აქტივობა მათივე დაფინანსებით, მათთან ერთად საქველმოქმედო ფონდ ,,დედის ხელების“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

  ღონისძიება მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში გაიმართა, საკონცერტო დარბაზში ბავშვებს დასაჩუქრებამდე მცირე საკონცერტო პროგრამაც წარმოუდგინეს. მასში, ათამდე ნომრით, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა განყოფილების მოსწავლეები. მათ მხიარული სიმღერებით, ხალხურ საკრავებსა და სხვა ინსტრუმენტებზე შესრულებით, როიალზე აჟღერებული მუსიკალური კომპოზიციებითა თუ ქორეოგრაფიული ნომრებით მხიარული განწყობა შეუქმნეს მსმენელთ.

  პატარები განსაკუთრებულად თოვლის ბაბუას შემოსვლამ გაამხიარულა, რომელმაც მათ ხურჯინიდან საგანგებოდ მათთვის შეფუთული ტკბილეული დაურიგა. საახალწლო ნუგბარი კონცერტის მონაწილე მოსწავლეებმაც მიიღეს.

   როგორც საქველმოქმედო ფონდის ,,დედის ხელების“ დამფუძნებელმა, ხათუნა გაბრიჭიძემ, აღნიშნა, აქტივობის ინიციატივა ემიგრანტებთან ერთობლივად ჩამოყალიბადა. მათი დიდი სურვილი იყო, ინოვაციური ღონისძიება განეხორციელებინათ და გადაწყვიტეს, რომ ყურადღება ტყიბულელი მეშახტეების შვილებსა და ოჯახებზე გაემახვილებინათ.

   მაყურებელთა შორის მეშახტეთა ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, საქველმოქმედო ფონდ ,,დედის ხელების“ დამფუძნებელი, ხათუნა გაბრიჭიძე, ხელოვნების სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და სხვები. თემურ ჩუბინიძემ ბავშვებსა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და ქველმოქმედებაში ჩართულ, ამერიკაში მცხოვრებ, ქართველ ემიგრანტებს.

   ფულადი შემწეობა მიიღეს ადრესატებმა. ბავშვებს გამომცემლობა „კავკასიური სახლისაგან“ ახალგაზრდა სტუდენტის, ირაკლი კუპრაძის, ჩართულობით, მრავალფეროვანი საინტერესო ლიტერატურა მამა გაბრიელ ჩადუნელმა გადასცა.

  ფინანსური თანხა სხვა საჩუქრებთან ერთად, 21-მა ოჯახმა და 48 ბავშვმა მიიღო, ხოლო მათ, ვინც ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო, ,,დედის ხელების“ წარმომადგენლებმა შინ პირადად მიუტანეს.

მარი ბაბუხადია