d6d470959d03

   გთხოვთ, მობრძანდეთ შოთა რუსთაველის სადიდებლად მიძღვნილ საღამოზე! 

     ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ორშაბათს, 17 ივნისს, 18 საათზე, თეატრის საკონცერტო დარბაზში აწყობს საქალაქო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ მასიური კითხვის დღეს. კონკურსში, რომელიც ხუთ რაუნდად გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სკოლების მე-9 - მე-11 კლასების მოსწავლეები, რომელთაგან (სამ ნომინაციაში) გამარჯვებულებს გამოარჩევს წინასწარ შერჩეული ჟიური. საუკეთესო ნომინანტები, რომლებიც ამ უკვდავი პოემის ტექსტის  ზეპირად ცოდნაში, დეკლამაციასა და აფორიზმების განსაზღვრულ დროში წარმოთქმაში წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.

     შოთა რუსთაველის, ამ დიდი გენიის, სადიდებლად მიძღვნილ საღამოზე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, მოწვეულნი იქნებიან  „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსების ექვსგზის გამარჯვებული, დამსახურებული პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე, ანრო ცირეკიძე და სამცხე -ჯავახეთში 2017 წელს გამართული კონკურსის პრიზიორი, ასევე ორპირის მკვიდრი, ნათელა ლანჩავა.

    საღამოზე, რომელსაც შემეცნებითი და სანახაობითი დატვირთვა ექნება და მასში მხატვრული შემსრულებლებიც  მიიღებენ მონაწილეობას, დასწრება თავისუფალია. გთხოვთ , მობრძანდეთ!

     პ.ს.  ეროვნული განძის მატარებელ ქალბატონს, ანრო ცირეკიძეს,  რომელმაც ჩვენს მუნიციპალიტეტს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი,  ახლახანს საიუბილეო, 75 წელი შეუსრულდა. „ინფოტყიბულის“ შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს განსაკუთრებულად გამორჩეულ პიროვნებას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და, ჯანმრთელობასთან ერთად, დღეგრძელ სიცოცხლესა და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებს მას!

     ჩვენ გვჯერა, რომ თესლი კეთილი  გამოიღებს თავის  საუკეთესო ნაყოფს და ანრო მასწავლებლის ღირსებით განვლილ ნაკვალევს ჩვენი მომავალი თაობები  უკვდავებისა და სათნოებების ელფერს შესძენენ კვლავაც სამარადისოდ..

                                                                                                                  ნანა რაზმაძე