215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still003

გამოფენა - „შემოდგომა ჩვენს ქალაქში“

  ტყიბულის სამხატვრო სკოლამ დამთვალიერებელს თემატური გამოფენა, სახელწოდებით -„შემოდგომა ჩვენს ქალაქში,“ მოუწყო. 80-მდე ნამუშევარი სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა მიერ იყო ნააზრევი და ფურცელზე გადმოტანილი. ყურადღებას იქცევდა ფერწერული პეიზაჟები, რომლებიც ძირითადად პლენერზე, ღია ცის ქვეშ, მუშაობის პროცესში შეიქმნა. ამისათვის, გარდა ქალაქის ცენტრალური ნაწილისა, მოსწავლეებს საექსკურსიო გასვლა ჰქონდათ გელათის სამონასტრო კომპლექსში. იმ სივრცეში შთაგონებულმა თემატიკამ ასახვა ჰპოვა შემდგომ გუაშით შესრულებულ ნამუშევრებში. სტუმართა შორის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, გამგებელი 2014-17 წლებში, რობიზონ გვენეტაძე, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და ხელოვნებისმოყვარულები იყვნენ. ექსპოზიციაში შემოდგომის ფერები ჭარბობდა. ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები 70-მდე ავტორს ჰქონდა წარმოდენილი.

  სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა, მირზა ჭელიშვილმა, გამოფენის თითოეული მონაწილე ტრადიციულად სერთიფიკატებით, „კულტურის ობიექტების გაერთიენების“ ხელმძღვანელებთან ერთად, დააჯილდოვა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, მოზარდთა ასეთი აქტიური ჩართულობისათვის, ხოლო მუნიციპალიტეტის მერს, თემურ ჩუბინიძესა და გაერთიანების დირექტორს, თამარ ლაფერაძეს, ამ სახელოვნებო კერის მუდმივი მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამიტომ ჭარბმა კონტინგენტმა ჯგუფის დამატების საჭიროება შექმნა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა. ამჟამად სკოლაში 90 მოსწავლის შემადგენლობით სულ 8 ჯგუფი ფუნქციონირებს.

ნათია მურუსიძე