bidzina01

ბიძინა ივანიშვილმა გაზეთის, „ტყიბულის”, კითხვას უპასუხა

  პროექტის, რომლის სახელწოდებაა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან,” ფარგლებში, 12 სექტემბერს, „GDS-ის“ ტელეკომპანიამ, ამჯერად, რიგით მეოთხე გადაცემა იმერეთიდან, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრიდან, პირდაპირი ტრანსლაციით გააშუქა, რომელსაც „20:30-ის“ წამყვანები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებოდნენ.   სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულ 25 ჟურნალისტს საშუალება ჰქონდა, მათი რაიონისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური კითხვები, ღია ეთერში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის, საზოგადოება „მოქალაქის” დამფუძნებლისათვის, ბიძინა ივანიშვილისათვის, დაესვა.
გაზეთის „ტყიბულის” რედაქციის კითხვას, რომელიც შახტებისა და ქვანახშირის მრეწველობის განვითარებას უკავშირდებოდა, ბატონმა ბიძინამ გულწრფელად უპასუხა.
- ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენი ძალისხმევით დამარცხდა საქართველოში ძალადობა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპები წინ წამოვიდა. როდესაც თქვენ 2012 წელს, ტყიბულში ბრძანდებოდით, მკაფიო მესიჯები და აქცენტები გააკეთეთ მეშახტეთა მისამართით. მაინტერესებს, დღეს ტყიბულს, რომელიც მძიმე მრეწველობის ქალაქია და მისი არსებობა შახტების ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული, რა პერსპექტივა აქვს და რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს ამ დარგის განვითარებისათვის? (ნანა რაზმაძე)
- დღესაც ძალიან განვიცდი და განვიცდიდი მაშინაც... პრინციპული გარდატეხა იქ არ მომხდარა და დაახლოებით ისეთივე მძიმე მდგომარეობაა, შეიძლება, ოდნავ გაუმჯობესდა. მოგეხსენებათ, რომ ეს კერძო ბიზნესია. ჩემი პრემიერობის დროს ძალიან ვცდილობდით, რომ გაგვეზარდა ქვანახშირის მოპოვება, შესაბამისად ხელფასებიც. ვერ მოიძებნა წარმატებული პროექტი, მე, პირადად, ძალიან ბევრი დრო დამიხარჯავს ამაზე. უნდა მოახერხოს ხელისუფლებამ, უნდა მოვახერხოთ ჩვენ, ყველამ, ერთად ეკონომიკის აღორძინება და ტყიბულში ეს პირობები პრინციპულად შევცვალოთ.
ვთვლი, რომ 7-10 წელიწადში, მინიმუმ – 7, მაქსიმუმ – 10-ში, ჩვენ შეგვიძლია, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გავაორმაგოთ და ხარისხობრივად სიტუაცია შევცვალოთ ქვეყანაში. 2030 წლისათვის, თუ სულსწრაფები არ ვიქნებით და სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ გაგვიჩნდება ძალიან დიდი შანსი, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს შეგახსენებთ: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“, რომ მომავლის მოწყალება დავინახოთ ქართველებმა.