56601020_2566385400098253_2494034229717893120_o

9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მომიტინგეთა დარბევით დასრულდა. რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, მხუთავი გაზისა და ნიჩბების გამოყენებით ყოფილი საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის სპეციალურმა ნაწილებმა აქცია სასტიკად დაარბიეს. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაიჭრა და მოიწამლა. ზუსტად 2 წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამიტომაც, ეს დღე ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის აღმნიშვნელია, როგორც დიდი ტრაგედიისა და იმავდროულად - დამოუკიდებლობის აღდგენისა.
ტყიბულში ტრადიციისამებრ, 9 აპრილის პარკში, ამ დღესთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სლოგანით - „მადლობა თავისუფლებისათვის“ გაიმართა. დაღუპულთა მემორიალი, ძველი ეროვნული ჰიმნის ფონზე, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომრემ, ნატალია კობახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ღონისძიება სიტყვით მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა, მაია ბრეგაძემ, გახსნა, სადაც 9 აპრილის მოვლენებისა და მისი მონაწილეების შესახებ ისაუბრა. ანსამბლმა „მანდილმა“ ქორეოგრაფილი კომპოზიცია სიმღერაზე, „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,“ წარმოადგინა, თემატური სიმღერებით კი მასში ჩართულნი იყვნენ მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, ღონისძიებას ჩოხოსნები - ქორეოგრაფიული ანსამბლ „დავითიანის“ წევრები ალამაზებდნენ. ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიები კი მხატვრულად მოსწავლე-ახალგაზრდებმა გააცოცხლეს. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირული გმირების წინაშე.
საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილი იყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა. ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. 


მარი ბაბუხადია