ქორეოგრაფიული ფესტივალის ზეიმი ტყიბულში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ბავშთა ქორეოგრაფიული ფესტივალი „ტყიბული 2019“ გაიმართა, სლოგანით „მე მიყვარს საქართველო“. პროექტი მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და ქართული ფოლკლორის განვითარების ეროვნული ცენტრის „გრაალის“ თანაორგანიზატორობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების გამართვის იდეა, კი ბავშვთა ანსამბლ „ცხრაჯვარის“ ხელმძღვანელს, ზურაბ ჭანკვეტაძეს, ეკუთვნის.

  ფესტივალი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის ერთმანეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გაცნობას, ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ანსამბლების მიღწევების წარმოჩინებას და ქორეოგრაფების გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას.

  ფესტივალში სულ ჩართული იყო 6 მუნიციპალიტეტის 11 ქორეოგრაფიული ანსამბლის 400-მდე მოცეკვავე, მათგან 5 ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფი: „ცხრაჯვარი“, „მანდილი“, „დავითიანი“, „ოკრიბა“ და „ლილე“.

  სამსაათიანი პროგრამა 27 მრავალფეროვანი ნომრით იყო დატვირთული. ღონისძიება კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენელს, მაია თორთლაძეს, მიჰყავდა. საღამოს ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  პროგრამის დასასრულს ორგანიზაცია „გრაალისაგან“ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი, თამარ ლაფერაძე და პროექტის იდეის ავტორი ანსამბლ „ცხრაჯვარის“ ხელმძვანელი, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. დიპლომები და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო ყველა მონაწილე ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, რომლებიც მათ „გრაალის“ დამფუძნებლებმა პირადად გადასცეს.

  ორგანიზატორების თქმით აღნიშნული ფესტივალი ტყიბულში ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებას.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “ქორეოგრაფიული ფესტივალის ზეიმი ტყიბულში

  1. Уведомление: 2assumption

კომენტარები გამორთულია