safe_image (2)

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტყიბულშიც აღინიშნა

  74-ე წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში 9 მაისი ადგილობრივი თვითმმართლობის ხელმძღვანელებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პირადად მიულოცეს. სამწუხაროდ, ამ ღირსეულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება და წლევანდელ დღესასწაულს ჩვენს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ოთხი მათგანი შეხვდა: ელენა გველესიანი, პლატონ სარალიძე, შაქრო ჭოხონელიძე და შოთა აშოთია. მათ შორის, უხუცესი ბ-ნი შოთა, უკვე 96 წლისაა. მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ომის მონაწილეთ საკუთარ ოჯახებში ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის სახელით ხილისა და ტკბილეულის სასაჩუქრე კალათები გადასცეს, 100 ლარიან ფულად ჯილდოსთან ერთად და მადლობა გადაუხადეს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის. საჩუქარი გადაეცა, ასევე, საბჭოთა კავშირის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის, ოჯახსაც. აღსანიშნავია, რომ ასეთი საპატიო წოდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ მკვიდრს, კირილე უკლებასა და გალაქტიონ ალფაიძეს, აქვს მინიჭებული.
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე ტყიბულში სწორედ, გრიგოლ გაბრიაძის ძეგლთან გამართული მცირე ღონისძიებით გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი, ომის თემატიკაზე ლექსები და სიმღერები შეასრულეს. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, ისე - კულტურის დარგის მუშაკები.
9 მაისის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის თეატრში გამოფენა მოეწყო, სადაც მნახველს საშუალება მიეცა, ომის ამსახველი ფოტოები და ექსპონატები დაეთვალიერებინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრი კი, 300 ლარს მიიღებს.


ნათია მურუსიძე