სპექტაკლის, ,,დაარქვი, რაც გინდა,“ პრემიერა ტყიბულის თეატრში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა მაყურებელს სპექტაკლის, ,,დაარქვი, რაც გინდა,“ პრემიერა წარმოუდგინა. მასში მონაწილეობდნენ მსახიობები, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, თორნიკე ბარამიძე, ლაშა კუხიანიძე და გიორგი ყურავა. აღსანიშნავია, რომ მათგან თორნიკე და ლაშა უკვე ჩვენი თეატრის განახლებული დასის წევრები არიან. წარმოდგენის რეჟისორის, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, დრამატურგის, ოთარ ქათამაძის თქმით, მან სცენარი ჩვენი ქვეყნის 90-იანი წლების თაობის   შვილებზე დაწერა, რომელსაც იგი, თვითონ დაკარგულს, უწოდებს. ალეგორიული ხასიათის არასტანდარტული, აბსურდული, დრამა საბჭოთა პერიოდში დაკარგულ იდენტობას და ამ ღირებულებისადმი, სწორედ, 90-იანი წლების თაობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ასახავს.

   მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენებზე, მათ შორის, ამჟამად, პარიზშიც კი იდგმება. პიესა დაახლოებით 12-მდე ენაზეა ნათარგმნი. თემა განსაკუთრებით აქტუალური უცხოეთში აღმოჩნდა და წარმოდგენას აქვს საერთაშორისო წარმატებები.

  პრემიერას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და სვადასხვა ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  აღსანიშნავია, რომ გუშინ, 16 ივნისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი ამავე სპექტაკლით, ,,დაარქვი, რაც გინდა“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ,,თეატრალური იმერეთი 2019-ზე,“ წარდგა და ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო პროექტის ფარგლებში. ფესტივალი 20 ივნისს დაიხურება და  გაიმართება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია