საწირის „ბუმერანგი“ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გამარჯვებულია

  იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადგომით „მან-სან-კანის“ სასკოლო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც ტყიბულის თეატრის სცენამ უმასპინძლა. კონკურსში ქალაქის N1, N6, N7, ასევე, საწირის, ორპირის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს ორი სახის შეჯიბრში უწევდა თავის წარმოჩენა - კითხვა-პასუხი  და მისალმება. ჟიურის, რომელიც ხუთკაციანი შემადგენლობით მონაწილე გუნდებს ქულებით აფასებდა, ფედერაციის ხელმძღვანელი, რამაზ კილასონია, თავმჯდომარეობდა. მაქსიმალური შეფასების ქულა იყო 5. გულშემატკივრები ემოციური შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთი სკოლების წარმომადგენლებს. ფესტივალს ქუთაისის გუნდ „ქსუს“ კაპიტანი, ლადო კილასონია, უძღვებოდა.

  ორი ტურის შემდეგ შედეგები ასე გადანაწილდა: III ადგილი კურსების საჯარო სკოლის გუნდმა „გრინჩმა“ დაიკავა, მეორეზე - N1 საჯარო სკოლის გუნდი „ჩაჭრილები“ გავიდა, ხოლო კონკურსის გამარჯვებული საწირის საჯარო სკოლის გუნდი „ბუმერანგი“ გახდა.

  საუკეთესო სამეულს ორგანიზატორებისაგან დიპლომები გადაეცა, ხოლო გამარჯვებულს - თასი და ქუთაისში დაგეგმილ სუპერფინალზე მონაწილეობის საგზური. გარდა ამისა, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოთამაშე გოგონა, ვაჟი, ტიპაჟი და ჟიურის სიმპათია, რომლებიც, ასევე, სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია