60165378_398777774040404_2337732269508132864_o

სასკოლო თეატრალური კვირეული დაიწყო

  ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ ლაფერაძის, ინიციატივით, მუნიციპალიტეტის თეატრში სასკოლო თეატრალური კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 13 მაისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მინაწილეობას ქალაქის N1, N2, N4, N5, N7 და სოფლების - კურსების, ორპირისა და ცუცხვათის საჯარო სკოლები იღებენ, რომლის მიზანს მოზარდი თაობის შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა, ასევე, - მათ მიერ სასცენო ხელოვნების დაუფლება და მოსწავლე-ახალგაზრდობის ესთეტიკური გემოვნების დახვეწა წარმოადგენს.
დებულების თანახმად, თითოეული დასის მიერ წარმოდგნილი სპექტაკლის, ინსცენირებისა თუ ლიტერატურული კომპოზიციის ხანგრძლივობა არანაკლებ 20 წუთი უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს. მონაწილეთა ასაკი განსაზღვრულია VII-XII კლასის მოსწავლეებით. კვირეულის შედეგებს აფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარინა ბრეგაძე, წევრები - თეატრის მსახიობები, ნათია ხაბურზანია და თორნიკე ბარამიძე, ხელოვნებთმცოდნე, დიანა ტურძილაძე და ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე. გამარჯვებული დასისათვის დაწესებული ფულადი პრიზი 500 ლარს შეადგენს. გამოვლინდებიან ცალკეული ნომინაციებიც: საუკეთესო მსახიობი გოგონა, ბიჭი, სცენოგრაფია და სცენარი.
თეატრალური კვირეულის პირველი დღე კურსების საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა გახსნეს სპექტაკლით - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (ინგა კაკიაშვილის რეჟისურით), შემდეგ კი, N1 სჯარო სკოლის დასმა წარმოადგინა ნოდარ დუმბაძის - „დედა,“ (თენგიზ გაგოშიძის რეჟისურით).
კვირეული 17 მაისს, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, დაიხურება.


ნათია მურუსიძე