safe_image (3)

ოკრიბა „გვირილობის“ დღესასწაულზე

  ქუთაისში სახალხო დღესასწაულის, ,,გვირილობა 2019-ის,“ აღსანიშნავად, ქალაქის მასშტაბით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ამ საგაზაფხულო ტრადიციას საფუძველი XX-ე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა და მისი მიზანი ქველმოქმედება იყო. თეთრი გვირილის დღე აპრილ-მაისში აღინიშნებოდა. ამ დროს გიმნაზიელებს გვირილებით სავსე კალათა დაჰქონდათ და ყვავილებს ჰყიდდნენ. შემოსული თანხა კი, ქველმოქმედებას ხმარდებოდა.
,,გვირილობა 2019“ მუხნარის ტყე-პარკში, ისე, როგორც წინა წლებში, არამარტო ქუთათურებმა, არამედ იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად აღნიშნა. აქტივობები აქ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლებსაც როგორც ადგილობრივი, ისე უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა შესაბამისი სამსახურით, კულტურისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენლებით, შემოქმედებითი კოლექტივებითა და ეთნოგრაფიული კუთხით აქტიურად ჩაერთო სახალხო ზეიმში და ღირსეულად წარმოაჩინა ოკრიბის კუთხე.
სამხატვრო სკოლამ მოსწავლეთა ნამუშევრების - ფერწერული და გრაფიკული ტილოების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო და მხატვრული კომპოზიცია კინოფილმიდან „შერეკილები“ ასევე, ტურიზმის განვითარების ცენტრის მიერ თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ოკრიბის ულამაზესი ხედების, ისტორიული, კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების დიდ დაინტერესებას იწვევდა. აქვე იყო წარმოდგენილი საწირის კულტურის სახლის ხელმძღვანლის, სოფიკო კირკიტაძის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნაქარგების, ასევე, ტყიბულის ჩაის ნაირსახეობათა ნიმუშები და მრავალფეროვნებითა და ოკრიბლებისათვის დამახასიათებელი პეწით გამორჩეული ტრადიციული ქართული სამზარეულო. განსაკუთრებით დადებით და ხალისიან განწყობას ქმნიდნენ ფორმებში საგანგებოდ გამოწყობილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - ,,პატარა მეშახტეები“. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ცხრაჯვარი’’ და ,,დავითიანი’’. ასევე, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, საწირის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ფოლკლორული ტრიო და სხვა წარმომადგენლები. ცუცხვათის კულტურის სახლის ხელმძღვანელმა, თემურ კუპრაშვილმა, კი დღესასწაული სტუმრებს ლექსით მიულოცა.
სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ტყე-პარკში გამართულ დამსახურებული სპორტსმენის, კოლია ქვარიანის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირში - ქართულ ჭიდაობაში ტყიბულის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, გუგა ალავიძემ, მძიმე წონაში III საპრიზო ადგილი მოიპოვა და იგი ორგანიზატორებისაგან თასითა და სიგელით დაჯილდოვდა.
ღონისძიებების მსვლელობისას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, ასევე დელეგაციების სტუმარმა წარმომადგენლებმა ყველა მუნიციპალიტეტის კუთხე მოინახულეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის „გვირილობა 2019-ში“ ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ორგანიზება მას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა, კულტურის ობიექტების გაერთიანებასთან ერთად გაუწია.

მარი ბაბუხადია