64324744_2732686223468169_1253299846706626560_o

„ვეფხისტყაოსნის ზეიმი“ ტყიბულში

 

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე „ვეფხისტყაოსნის“ მასიური კითხვის დღისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო, რომელიც ამ უნიკალური პოემის  ზეპირადმცოდნეთა კონკურსების ექვსგზის ტიტულოვანი გამარჯვებულის, ანრო ცირეკიძის, 75 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ღონისძიებას საკონკურსო ხასიათი ჰქონდა, რადგანაც მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები, IX-XII კლასელები, იღებდნენ მონაწილეობას და მათ საკუთარი ცოდნა, რუსთაველის მიერ შექმნილი შედევრისა, სამ სხვადასხვა ნომინაციაში უნდა ეჩვენებინათ. საკონკურსო თემატიკა მოიცავდა: „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნას, დეკლამაციას, აფორიზმების ზეპირად თქმას ერთი წუთის განმავლობაში. პროგრამა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, მაია ბრეგაძეს, მიჰყავდა, მოიცავდა ანრო ცირეკიძის, როგორც პროექტის ავტორის მიერ, ტრაფარეტისაგან განსხვავებული ხუთი რაუნდით „ვეფხისტყაოსნის“ ცოდნის საჯაროდ ჩვენებას. ესენია: შერჩეული მონაკვეთის, მათ შორის, გერმანულ ენაზე და მსმენლის მიერ შერჩეული თავის ზეპირად კითხვას; გაგრძელებას დასახელებული სტროფიდან; შეთავაზებული თავის პირველი და ბოლო სტროფების თქმას; ნებისმიერი მესამე სტრიქონით სტროფის აღდგენას.

  დებულების მიხედვით - კონკურსს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, თავმჯდომარეობდა. მონაწილეებთან ერთად საღამოს მსვლელობაში დარბაზიც აქტიურად იყო ჩართული. ისინი კითხვებს უსვამდნენ ქალბატონ ანროს პოემისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ, რომელმაც 1966 წელს, 22 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ამ საგანძურის 1669 სტროფის 6 თვეში სწავლის მოტივაციაც მისცა მას.

  ამ ზოგადსაკაცობრიო ძეგლისადმი მიძღვნლ საღამოს საპატიო სტუმრად სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ექიმი, პოეტი, საკრებულოს დეპუტატი, მერაბ კვიცარიძე, ესწრებოდა. მან საკუთარ გამოსვლაში, 75 წლის იუბილარ, ჩვენი კუთხის საამაყო ქალბატონს, ანრო ცირეკიძეს, სიურპრიზი მოუმზადა, იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში არსებულ რუსთაველის ერთადერთ ფრესკასთან, პოემის წაკითხვა შესთავაზა და ამისათვის მზადაა იგი, იერუსალიმში მისი გამგზავრების თანხები თავად გაიღოს.

  ოვაციებითა და შეძახილებით ხვდებოდა დარბაზი დებულების მიხედვით შემოთავაზებულ მეხუთე რაუნდს, რომლის მიხედვით, მაყურებლის მიერ წაკითხული მესამე სტრიქონიდან მთლიანი სტროფის აღდგენით აოცებდა საზოგადოებას ეს მართლაც ფენომენალური ქალბატონი, რომლის პრეცედენტიც დღემდე გამართულ არცერთ კონკურსზე არ დაფიქსირებულა და პირველად იგი  ტყიბულის თეატრის სცენაზე შედგა.

  სახელოვანი ქალბატონის ღირსეული შთამომავლები, ბაღის ასაკის გოგონები, ელიზაბედ ჭოლაძე და ბარბარე ჭელიძე, ბებოს კვალდაკვალ აგრძელებენ სვლას. მათ მიერ ზეპირად თქმული „ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“ აპლოდისმენტებით მიიღო პუბლიკამ.

  ღონისძიების მსვლელობისას წარმოდგენილი იყო რამდენიმე მუსიკალური, ქორეოგრაფიული და მხატვრული ნომერი. ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული სიუჟეტი ქალბატონი ანროს წარმატებების შესახებ. ბოლოს, სცენიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, თემურ ჩუბინიძე და ნატალია კობახიძე, ჟიურის წევრ ნანა ამბროლაძესთან ერთად, მიესალმნენ და მუნიციპალიტეტის სახელით ქალბატონ ანროს ფულადი ჯილდო და საპატიო სიგელი გადასცეს. ასევე, დაუსწრებლად დასაჩუქრდა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნე მეორე საპატიო ქალბატონი, ორპირელი ნათელა ლანჩავა, რომელმაც გასულ წელს ახალციხეში გამართულ კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. ჟიურიმ ცალკეულ ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოავლინა. ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლე, თათია ქათამაძე და N6 სკოლელები - ლიზი ჭელიძე და ანი გოგიაშვილი. გარდა ამისა, ჟიურის სიმპათია დაიმსახურა ორპირელმა, ანი ავალიანმა. თითეულ მათგანს „ვეფხისტყაოსნის“ წიგნები და სიგელები გადაეცა. მერაბ კვიცარიძემ კი თავისი რჩეული, ყველაზე მეტი აფორიზმის მცოდნე, ორპირელი მარიამ ლანჩავა, გამოავლინა, რომელსაც მისსავე პროექტში, „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო,“ ერთი სტროფის გადაწერა შესთავაზა. ასევე, კიდევ ერთი ხელით ნაწერი პოემის ასლი გადასცა ტყიბულის მკვიდრმა, ლამარა ბერიანიძემ, საკუთარ რჩეულ ლიზი ჭელიძეს. საკრებულოს თავმჯდომარემ კი დააანონსა, რომ ყველა მონაწილე, თვითმმართველობის სახელით, უახლოეს დროში წიგნებით დასაჩუქრდება.

  დასასრულს კი მუნიციპალიტეტის ხელმძღანელობამ პირობა დადო, რომ რუსთაველისადმი მიძღვნილი საღამოები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს მომავალშიც და გაცილებით უკეთესი ფორმატით გაიმართება, რათა მომავალ თაობაში პოემის უნიკალურობისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ ცნობიერების ამაღლება მოხდეს.

ნათია მურუსიძე