215_5637_0+++

„გულადი ფისო“ - ნორჩი მაყურებლისათვის

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე ნორჩ მაყურებელს თოჯინების სპექტაკლი, „გულადი ფისო,“ წარმოუდგინეს. მუსიკალურად დატვირთული 30 წუთიანი პროექტი შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და მუნიციპალიტეტის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის რეჟისორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვნელი, მარიკა ბრეგაძეა. სიუჟეტი ფისოსა და მისი მეგობარი მამლაყინწას ირგვლივ ვითარდება. მსუნაგი მელიის მიერ მოტყუებით მოტაცებული მსუქანი მამლაყინწას დაბრუნებაში გულად ფისოს ანცი ყურცქვიტა ეხმარება.

  ბაგა-ბაღისა და სკოლის ასაკის მოზარდმა მაყურებელმა ემოციურად და ტაშით მიიღო თოჯინების წარმოდგენა, რომელშიც თეატრის დასის მსახიობებთან, თორნიკე გოტიაშვილთან და თინათინ ნემსაძესთან (ახლადმოწვეული მსახიობი) ერთად, სასახლის პედაგოგები, ცისანა ქათამაძე და ბელა გვენეტაძე, მონაწილეობდნენ. რაც შეეხება მუსიკალურ ნომრებს, ისინი ქუთაისის ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრისაგან მიიღო საჩუქრად სპექტაკლმა.

ნათია მურუსიძე