61797933_2690639241006201_3648723590108413952_o

ბავშვთა დღესასწაული მოსწავლეთა სასახლეში

  „ჩვენ ვართ სიცოცხლის ლტოლვა მარადის, ძველის ფესვი და ახლის ნაყოფი,“ - ამ სახელწოდებით გაიმართა წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება, რომელიც დაახლოებით ორი ათეული წელია, სადღესასწაულო ფერად გარემოში, უამრავი ბედნიერი და მხიარული ნორჩი მაყურებლის ჟრიამულში, ტარდება. საყოველთაო ზეიმის მონაწილე სასახლის შემოქმედებითი კოლექტივების, 200-მდე აღსაზრდელის, მიერ ნაჩვენები იყო 22 მრავალფეროვანი ნომერი, განსხვავებული კოსტუმებითა და ხასიათით წარმოდგენილი. ბავშვთა გაერთიანებები „ანა-ბანა“ (ხელმ: ელისო დონაძე) და „ბასტი-ბუბუ“ (ხელმ: მარინა ციცქიშვილი), გამომეტყველებითი კითხვის წრის წევრები (ხელმ: ნარგიზ ხიშტოვანი), ქორეოგრაფიული ანსამბლები - „სიჭაბუკე“ (ხელმ: თამაზ დვალი) და „მანდილი“ (ხელმ: მარინა ციცქიშვილი), საბავშვო თეატრი (ხელმ: ნუგზარ დათიაშვილი), მოსწავლეთა თვითმმართველობის მუსიკალური ბენდი, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. გარდა სასახლის აღსაზრდელებისა, ამ ღონისძიების საზეიმო პროგრამას ხრესილის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ (ხელმ: მერი სიჭინავა), რომელსაც, ნორჩ დეკლამატორებთან, ერთად სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესბუა, უძღვებოდა. მაყურებელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ა.(ა).ი.პ. „კულტურის ობიექტების გაერთიანების“ დირექტორი, თამარ ლაფერაძე, მიესალმნენ.

  კონცერტის მსვლელობისას სასახლის ხელმძღანელმა, გულნაზ ტუკვაძემ, მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ფინალურ და ზონალურ ტურებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათთვის რეფერატების მომზადებაში დამხმარე პედაგოგები დააჯილდოვა.

  სადღესასწაულო ღონისძიება მრავალფეროვანი ფოიერვერკითა და ფერადი ბუშტების ჰაერში გაშვებით დასრულდა.

ნათია მურუსიძე