mari++++

ინდიანას შტატის „პატარა ელჩმა“ 60 ათას დოლარიანი გრანტი საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად მოიპოვა

 

  N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, მარიამ ლომთაძე, წარმატებას წარმატებაზე აღწევს. ამ ინტერესიანმა და შრომისმოყვარე გოგონამ ორ დიდ საერთაშორისო პროექტში გამარჯვება ზედიზედ მოიპოვა და უმოკლეს დროში ჯერ - ამერიკაში, ხოლო შემდეგ ჩინეთში გაემგზავრება სასწავლებლად. იგი ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა, თავს იმით ინუგეშებს, რომ ახალ გარემოში ადაპტაცია, არამარტო მას, არამედ მის მსგავსად, პროექტების მონაწილე სხვა უცხოელ თანატოლებსაც მოუწევთ.

 

  ჩვენ მარიამს საკუთარ მიზნებსა და მიღწევებზე ვესაუბრეთ და ასევე, იმ პროგრამებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია...

 

 - მარიამ, რატომ დაინტერესდი ამერიკის საელჩოს პროგრამით და რამდენად რთული აღმოჩნდა მისი წარმატებული აპლიკანტის სტატუსის მიღება?

 

 - ჩემი მომავალი პროფესია დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთბებია, ეს პროექტი - „ბენჯამენ ფრანკლინის საზაფხულო ინსტიტუტი,“ სწორედ მომვალ ელჩებს ეძებს, ამიტომ გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო მასში. 2018 წელსაც მქონდა მცდელობა, თუმცა, შარშან რეზერვში მოვხვდი. წელს მოტივაცია დამეკარგა, მაგრამ დედის რჩევა გავითვალისწინე და თავიდან გავიარე ყველა შესარჩევი ეტაპი. საბუთები გადაიგზავნა ვაშინგტონში და ამერიკის საელჩომ ჩემზე მიიღო თანხმობა, რომ გავემგზავრებოდი. ყოველწლიურად 800-დან 1000 აპლიკანტამდეა მსურველი საქართველოდან, გამარჯვებული კი, მხოლოდ ერთია. ჩემი გამარჯვების შესახებ 21 მარტს მაცნობა საელჩოს წარმომადგენელმა. უკვე ვიზა და ბილეთიც ავიღე, 29 ივნისს კი გავემგზავრები შტატებში.

  - რას მოიცავს ეს პროგრამა?

 

  - ეს არის კულტურის გაცვლითი პროექტი, რომელშიც 45 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა მონაწილეობს. ჩვენ ძირითადად ვიქნებით ინდიანას შტატში, თუმცა, პარალელურად ტურები დაგეგმილია ვაშინგტონში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში. დეტალები უკვე შეთანხმებულია. იქ უნდა წარმოვაჩონოთ ჩვენი ქვეყნების კულტურა, თავისი ისტორიით, ტრადიციებით, მათ შორის, სამზარეულოთი. ცეკვაც კი უნდა დავდგა და ვაჩვენო. ასევე, - პრეზენტაციები მოვაწყო ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით. მივიღებ საერთაშორისო სერთიფიკატს და უკან დარუნების შემდეგ, ერთ თვის თავზე, ამერიკაში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში უნდა განვახორციელო პროექტი ადგილობრივებისათვის.

 - მარიამ, როგორი დამოკიდებულება გაქვს ინგლისურ ენასთან, რამდენად მარტივი იქნება შენთვის ამ ენაზე ურთიერთობა შტატებში?

 

 - ენის გაწაფვაში ძალიან დამეხმარა ჩვენს ქალაქში ამერიკელ მოხალისეებთან ურთიერთბა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ზაკს, რომელიც, სამწუხაროდ, მალე გვტოვებს. მან ძალიან ბევრი შემძინა, როგორც ენობრივი ბარიერის დაძლევაში, ასევე, პიროვნული განვითარების კუთხითაც.

  მარიამ ლომთაძემ, რამდენიმე დღის წინ, მეორე, დიდი წარმატების შესახებ შეიტყო. UWC (United World Colleges) საერთაშორისო კოლეჯების გაერთიანების პროგრამით 60 ათას დოლარიანი გრანტი მოიპოვა ჩინეთის კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნულ ორგანიზაციას 17 ქვეყანაში აქვს კოლეჯები, სადაც ორწლიანი სასწავლო კურსი თითოეულ სტუდენტს 120 ათასი დოლარი უჯდება. თუმცა, აქ გაცემული IB დიპლომი მსოფლიოს ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მიერაა აღიარებული.

  - გვიამბე UWC-ს პროგრამის შესახებ, როგორ მიიღე იქ სწავლის უფლება?

 

  - გასული წლის აგვისტოში დაიდო აპლიკაცია ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. დავიწყე მისი შევსება. მოთხოვნაში იყო: ორი პიროვნების რეკომენდაცია, ესეები, კითხვებზე პასუხები, ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღებული ქულების  მითითება. II ეტაპზე მომიწია უნარების ტესტის ინგლისურ ენაზე ონლაინ ჩაბარება. ესეც  გადავლახე და  III  ეტაპზე შედგა გასაუბრება, რომელიც 10 კითხვისაგან შედგებოდა და თითოეულზე საპასუხოდ 10 წუთი მქონდა, რაც საკმაოდ რთული იყო. მეოთხე ეტაპი, რომელიც საქართველოდან ათმა ბავშვმა გადავლახეთ, მოიცავდა სასომხეთში, ამავე ორგანიზაციის კოლეჯში, სამდღიან ვიზიტს იანვარში. აქ იყო გასაუბრებები, ფსიქოლოგები გვაკვირდებოდნენ ურთიერთობაში მრავალი თვალსაზრისით, თუ როგორ ვახორციელებდით პროექტებს, როგორი კომუნიკაცია გვქონდა. ამის შემდეგ ველოდი პასუხს, თანაც, უკვე იმხელა დრო გავიდა, არაფრის იმედი აღარ მქონდა. ორგანიზაციაში შემავალი 17-ვე კოლეჯი განიხილავს აპლიკანტთა საკითხს და გაირკვა, რომ გამომეხმაურა ჩინეთის კოლეჯი, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებულია და მან მიმიწვია თავისთან. იქ საქართველოდან დღემდე მხოლოდ ერთი გოგონაა ნამყოფი, რადგან იშვიათად აფინანსებენ სტუდენტების სწავლას აზიური ქვეყნები.

  - არ „შეგაშინა“ ასეთი შორეული და უცხო კულტურის ქვეყანაში განათლების მიღების შანსმა?

  - თავიდან ძალიან დავიბენი, რადგან უფრო ევროპის ქვეყნების რომელიმე კოლეჯზე ვფიქრობდი და ჩინეთი სრულიად მოულოდნელი იყო. თუმცა, გავითვალისწინე იმ ქართველი გოგონას გამოცდილება, ვინც იქ ნამყოფია და გადავწყვიტე, რომ არ ღირს ამ შანსის ხელიდან გაშვება. მართალია 2 წელი მომიწევს ჩინეთში ცხოვრება, მაგრამ ზამთრის ან ზაფხულის არდადეგებზე უფლება მექნება, ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში.

  • რა მიმართულებით ფიქრობ იქ სწავლის გაგრძელებას?

 - ვაპირებ, ავირჩიო გლობალური პოლიტიკა, ვისწავლი ეკონომიკასაც. მინდა, ერთ-ერთ საგნად ჩინური ენა ავირჩიო, რადგან მაინტერესებს და ამის შანსი მეორედ აღარ მომეცემა. იქ სწავლება აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი სტანდარტებისაგან და ძალიან რთულია, გამოცდები კი ურთულესი. მით უფრო, - დიპლომის მოპოვება და ამაზე წინდაწინ ვნერვიულობ. ვიცხოვრებ შანჰაიში, კოლეჯის საერთო საცხოვრებელში. იმ გარემოში დამოუკიდებელი სტუდენტური ქალაქია შექმნილი, თავისი კვების ბლოკით, სამედიცინო პუნქტითა და სხვა საჭიროებებით. ადმინისტრაცია ძირითადად ამერიკელებითა და ევროპელებითაა დაკომპლექტებული, სტუდენტთა 80%-იც კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია და არა ჩინელი.

  - რა გეგმები გაქვს საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

  - ჩამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, რომელიმე საერთაშორისო უნივერისიტეტში ჩავაბარებ, რა თქმა უნდა, ჯერ ამერიკაზე ვფიქრობ, თუმცა, ევროპის ქვეყნების განათლების სისტემაც არანაკლებია. არ ვიცი, რამდენი რამე შეიძლება, შეიცვალოს ჩემს ფსიქოლოგიაში ამ 2 წლის განმავლობაში. რთულია 17 წლის ასაკში ასე შორეულ ქვეყანაში წასვლა, მაგრამ ჩემი ოჯახი ყველანაირად გვერდში მიდგას, განსაკუთრებით დედა მაძლევს სტიმულს. მათი მხარდაჭერის იმედი რომ არ მქონდეს, ამდენს ვერ შევძლებდი.

  მარიამ ლომთაძე ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, სტიპენდიანტია. იგი ამბობს, რომ მის მოტივაციაზე ამ ფაქტმაც დიდი გავლენა მოახდინა და დეპუტატის საჩუქარს, დანაზოგის სახით, ჩინეთში მოგზაურობისათვის გამოიყენებს. იგი უკვე 6 წელია, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მოხალისეა და ამ გამოცდილებამ მას მეტი დამოუკიდებლობა და მიზანსწრაფულობა შესძინა.

 

  გვინდა, ჩვენი საინფორმაციო ცენტრის სახელით, ბევრი წარმატება ვუსურვოთ ნიჭიერ და საამაყო გოგონას ამ არც თუ ისე მარტივ გზაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი კიდევ უფრო წარჩინებული და მოტივაციით სავსე დაუბრუნდება მშობლიურ ქვეყანას და მომავალშიც ჯეროვან სიტყვას იტყვის, მის მიერ არჩეული პროფესიის, საერთაშორისო დიპლომატიის განვითარების საქმეში.

 

ნათია მურუსიძე

28471228_2106279212926536_1033976409728483328_n 36629649_2179017582319365_4313878969012191232_n 51061455_2326443200910135_5457683512180080640_o 52605285_2336340959920359_2037287130920648704_n