215_5359_01.MP4.Still002

101-ე წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ტყიბულმაც იზეიმა

საქართველოს ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პომპეზური და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.    101-ე წელი, 1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ  დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტმაც იზეიმა და მას სადღესასწაულო მსვლელობით შეეხმიანა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასა და რიგით ტყიბულელებთან ერთად, ცენტრალური ქუჩა კინოთეატრ „შაორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სახელმწიფო დროშებით, პატრიოტული სიმღერების ფონზე, ფეხით გაიარეს და შემდეგ მუნიციპალიტეტის თეატრში  საზეიმო კონცერტზე გადაინაცვლეს.

26 მაისისადმი მიძღვნილი საღამოს პროგრამა ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით შედგა, რომელსაც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. მაყურებელს თეატრის მსახიობებმა მხატვრული კომპოზიცია შესთავაზეს და ნაციონალური სულისკვეთებით დაწერილი საუკეთესო ქართული პოეტური სტროფები წაიკითხეს. ქალაქში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ,,ცეცხლი დაანთეს“ სცენაზე - „ფარცა,“ „აჭარული,“ „ქალთა ხევსურული,“ „კავკასიური,“ „ჯუთა“ და „ყაზბეგური“ მქუხარე აპლოდისმენტებით მიიღო დარბაზმა, მათ შორის, რამდენიმე სადებიუტო, სწორედ, დამოუკიდებლობის დღისათვის დადგმული, ცეკვა იყო. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ვოკალურმა ჯგუფებმა. ასევე, - ყველა ტყიბულელისათვის საყვარელმა შემსრულებლებმა: ლოლიტა კორძაძემ, ემზარ გაბუნიამ, სპარტაკ ჭელიშვილმა.

ღონისძიების მსვლელობისას ჩვენი ქალაქისათვის საამაყო ახალგაზრდა სპორტსმენის დაჯილდოება მოხდა. ევროპის თასის მფლობელი, ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ილია სულამანიძე, ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართულ ჩემპიონატში, 20 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ მორიგი წარმატებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ილია და მისი მწვრთნელი, გია ობოლძე, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა, რომლებიც მათ მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ,  პირადად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა უზრუნველჰყო.

ნათია მურუსიძე