ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ხრესილის ბრძოლის 260-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოაწყო. 1757 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის, მეთაურობით სოფელ ხრესილის მიდამოებში ქართველებმა დამპყრობლის წინააღმდეგ სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ოკრიბას საპატიო სტუმართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. მათ შორის, სასულიერო და საერო ხელისუფალნი. გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალურ ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ, წმინდა მეფე სოლომონის საფლევზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. ტაძრის მარცხენა ნაწილში წმინდანი მეფის ახლადდაწერილ დაბრძანებულ ხატს საპატიო სტუმრებმა თაყვანი სცეს, მისი საფლავი კი ყვავილებით შეამკეს.
გელათის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ხრესილის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც გვირგვინოსანი მეფის პიროვნებასა და ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას ეხებოდა. იგი კონფერენსიე, მაია ბრეგაძემ, გახსნა.
ხრესილის თემში ომის ამსახველი მონუმენტისათვის პატივის მიგება და ყვავილებით შემკობა ჩოხოსანთა მწკრივის გავლით თითოეულმა სტუმარმა შეძლო. ამ დღისათვის საგანგებოდ შერვაშიძეთა გვარის წარმომადგენლები ეწვივნენ ოკრიბის მიწას, სადაც მათი წინაპარი, ხუტუნია შერვაშიძე, გმირულად დაეცა.
ხრესილის საჯარო სკოლაში ტრადიციულად უკვე 21-ე წელია, ხრესილობას ზეომობენ. ამჯერადაც, სკოლის შემოქმედებითმა კოლექტივებმა მცირე ღონისძიება მიუძღვნეს გამარჯვების 260-ე წელიწადს. სწავლაში მიღწეული წარმატებისათვის სამი მოსწავლე სიგელებით მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სცენაზე დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ისინი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, სტიპენდიანტები გახდნენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია