CHADRAKIS SURATI

ქალაქის ჩემპიონატი ჭადრაკის ფედერაციის პრიზზე

  ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციამ ტრადიციული ყოველწლიური ქალაქის ჩემპიონატი გამართა ფედერაციის პრიზზე.       მასში მონაწილეობას 27 მოჭადრაკე ჭაბუკი და გოგონა იღებდა. ასპარეზობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში 8 და 12 წლამდე სპორტსმენთა შორის, 5 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა, თუმცა იყვნენ უფრო პატარა, 6 წლის, მონაწილეებიც. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 90 წუთიანი პარტიებით, 7 ტურად წარიმართა. ჩემპიონატმა ცალ-ცალკე გამოავლინა გამარჯვებული გოგონები და ვაჟები. დაჯილდოების ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ჩუბინიძე, მშობლებთან და მწვრთნელებთან ერთად, ესწრებოდა. მან მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს წარმატებული ასპარეზობა და გამარჯვებულებსა და პრიზიორებს  ტურნირის დირექტორთან, იუზა დოლიძესთან, ერთად შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები გადასცა.

  12 წლამდე მონაწილეთა შორის ჩემპიონები გახდნენ მარიამ გორგიაშვილი და გოგა სახელაშვილი, ხოლო პრიზიორები - მარიამ ბოჭორიშვილი, ქეთი ჯიშიაშვილი, კოტე კუპრაშვილი და გიორგი ქათამაძე. რაც შეეხება 8 წლამდე მოჭადრაკეებს აქ გამარჯვება ელა ზოსიაშვილმა და ბექა ყვავაძემ მოიპოვეს, საპრიზო ადგილებზე კი ქეთი ბოჭორიშვილი, მარი ასათიანი, ანდრია მოწონელიძე და საბა ბრეგაძე გავიდნენ.

  ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო დიპლომები  ყველა მონაწილემ მიიღო.

ნათია მურუსიძე