215_5399_01.MP4.Still001

ტრენინგი C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგზე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული ექიმებისათვის, ექთნებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის სასწავლო ცენტრის ტრენერი, მაია იოსელიანი, უძღვებოდა.   მიზანი C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე სკრინინგის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ გზით, დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დროულად დასაწყებად, ეფექტური რეფერალის უზრუნველყოფაა. იგი ხელს შეუწყობს: საქართველოში 2020 წლამდე (პროგრამის დასრულებამდე)  C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მინიმუმ 90%-ის გამოვლენას; აივ/შიდსის გვიანი გამოვლენის წილის კლებას 62%-დან 30 %-მდე; 2020 წლამდე ტუბერკულოზის ინციდენტობის, სულ მცირე, 15%-ით შემცირებას, ასევე, ადრეული გამოვლენის საფუძველზე მკურნალობის ფორმების გაუმჯობესებას.

  რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, სახელწიფო პროგრამის ფარგლეში, ამ სამივე დაავადებაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოკვლევები ზაფხულიდან სრულიად უფასო იქნება. C ჰეპატიტი და აივ/შიდსი სისხლის ანალიზით გამოვლინდება, ტუბერკულოზს რაც შეეხება, მისი დიაგნოსტირება კი, პაციენტის ვერბალური გამოკითხვის შემდეგ, ჩივილების შესაბამისად, უახლესი მეთოდით, მოლეკულური ტესტით მოხდება.

  საინფორმაციო შეხვედრის შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის პროვაიდერმა, როგორც ამბულატორიების ექიმებმა, ისე ექთნებმა, ასევე, სამედიცინი კორპორაცია „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტლის ოჯახის ექიმებმა და მედეებმა, მიიღეს საჭირო ინსტრუქციები პროგრამის ამოქმედებამდე. აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება ა(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა“ გაუწია, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით.

  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ გამოიყენოს ეს შანსი და დროულად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ნათია მურუსიძე