sandro-012++

სოლიდარობის აქცია სანდროს...

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ორი ტყიბულელი - სანრო ბუცხრიკიძე და რევაზ ლომთაძე დაიღუპნენ. ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მათი სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქის საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა ინიციატივითა და ორგანიზებით ახალგაზრდული სოლიდარობის აქცია სანდრო ბუცხრიკიძის პატივსაცემად მოეწყო. მათ ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და მისი სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს.

  „ყველა ახალგაზრდას ტკივილი იყო სანდროს დაღუპვა. ჩვენ შევიკრიბეთ და მისი სულის პატივსაცემად მივედით პანაშვიდზე, რის შემდეგაც გადმოვინაცვლეთ ეკლესიის წინ. ჩვენს თანატოლებს გავაცანით მისი საქმიანობა, სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში რომ იყო იგი ჩართული. დავუნთეთ სანთლები. დაკრძალვის დღეს, თეატრში, სამოქალაქო პანაშვიდზეც ვიქნებით და გავაცილებთ სანდროს უკანასკნელ გზაზე,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, თათია ისაკაძე.

   ქალაქის საყოველთაო ტკივილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე გამოეხმაურა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღანელობასა და წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანებული აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები მოილოცა. შემდეგ კი, აღნიშნა:

  „ჩვენს ქალაქში კვლავ ტრაგედია დატრიალდა. დაგვეღუპა ორი შესანიშნავი ადამიანი, მათ შორის, ერთი წარმატებული ახალგაზრდა - სანდრო ბუცხრიკიძე და მეორე - რევაზ ლომთაძე. ამ ფაქტმა ხელმეორედ გაგვიხსნა ის ჭრილობა, რაც მიმდინარე წლის 5 აპრილს დატრიალებულმა ამბავმა მოგვაყენა. მე ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთლიანად ჩვენს მუნიციპალიტეტს და საქართველოს. ჩვენდა სანუგეშოდ, ამ ტრაგიკულ დღეებს დაემთხვა ის ფაქტი, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან, ჩვენთან მოაბრძანეს აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელსა და მართლმორწმუნეს საშუალება ექნება, მოილოცოს იგი, შესთხოვოს უფალს შემწეობა და გარდაცვლილთა სულების მეოხება, ილოცოს საკუთარი სამშობლოსათვის, ხალხისა და ჩვენი მომავლისათვის.“

ნათია მურუსიძე


sandro-013++ sandro-011++ sandro-09+ sandro-08++ sandro-07+ sandro-04++ sandro-03++ sandro-01++