ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს II გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა და მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და მომხსენებლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით 16 პროექტი იქნა წარმოდგენილი. პირველი საკითხი, ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N 43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, წარმოადგინა. აღინიშნა, რომ 2017 წლის მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთიდან 4 ათას 500 ლარი, არაფინანსური აქტივების მუხლით, მიმართული იქნა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ბიუჯეტში, ხოლო 2 ათას 200 ლარით გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სუბსიდია. ცენტრალური ქუჩის შუქნიშნის შეძენისა და მონტაჟისათვის გამოიყო 20 ათასი ლარი. მერიის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი გაიზარდა 25 ათასი ლარით, ვიდეომეთვალყურეობის კამერების შესაძენად. 8 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული ცენტრის სუბსიდია, გელათში, ძიუდოს ახალი დარბაზისათვის, ორი საშტატო ერთეულის დამატების მიზნით. ,,ცხრაჯვარის“ მოწყობის საპროექტო სამუშაოებისათვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 100 ათასი ლარით გაიზარდა. საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტის“ ფეხბურთელებისათვის ფორმების შესაძენად გამოყოფილი იქნა 10 ათასი ლარი, რაც გათვალისწინებულია ,,მეშახტის“ რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის მუხლში. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ასევე, წარმოადგინა მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა პროექტები 2017 წელს მერის მუშაობისა და ასევე, მერიის ანგარიში, გასულ წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
მოსმენილ და შეფასებულ იქნა ინფორმაცია, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების უფროსებისა და ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორისაგან, გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით.
განხილულ საკითხთა შორის სხდომაზე კენჭი უყარეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმისა და ნუსხის დამტკიცებას, რომელზეც მოხსენება ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გააკეთა.
წარმოდგენილი თექვსმეტივე პროექტი საკრებულომ , ხმათა უმრავლესობით მიღებულად ცნო.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია