SURATI SAKREBULO

საკრებულომ 27 პროექტი განიხილა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას  მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით 27 საკითხი იქნა განხილული. დასაწყისშივე აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ახლახანს ტრაგიკულად გარდაცვლილ მეშახტეთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში, ცვლილებების თანახმად, 45,7 ათასი ლარი გადატანილ იქნა მუხლიდან მუხლში და გაიზარდა საქონელი და მომსახურებისა და სუბსიდიის ნაწილი. მათ შორის, 30,0 ათასი ლარით - სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების ხელშეწყობა, რაც მოზარდთა კვების თანხაზეა გათვლილი. ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელსაც დაემატა უძრავი ქონება, მეორადი ალუმინის სახურავები და მოძრავი ქონება - არასასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთები, ერთი - თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეორე - სოფელ მანჭიორში, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.

პოლემიკა გამოიწვია დადგენილების პროექტმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება, ბიუჯეტში, ყოველთვიურად, საშემოსავლო ნაწილს 5 ათასამდე ლარი დაემატოს. მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით განისაზღვრა, ხოლო 0-დან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მთლიანად გათავისუფლდებიან ამ გადასახადისაგან.

ცვლილებები შეიტანეს რამდენიმე დადგენილების პროექტში. რომლის შემდეგაც მერიის 7 სტრუქტურული ერთეულის მიერ 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის ანგარიშები იქნა ხელმძღვანელთა მიერ წარმოდგენილი. ამავე პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინეს, ასევე, 7 ა.(ა).ი.პ.-ის დირექტორისაგან.

დეპუტატებმა ყველა საკითხი კენჭისყრით მიიღეს.

                                                                                                                                                                                                                                                                                                               ნათია მურუსიძე