ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. დღის წესრიგის ორი საკითხიდან პირველი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, 2017 წლის N43-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა, რომლის შესახებაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მავალეობის შემსრულებელმა, მანული გაბრიჭიძემ, ისაუბრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ჩვენს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონ 85 ათასი ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც მოხდება გზების დაგება, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა. ასევე, ჯვარისაში, სოჩხეთში, გურნასა და მუხურაში საბავშვო ბაღების მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია. ამ პროექტების თანადაფინანსებისათვის 200 ათასი ლარი გათვალისწინებული იყო ადგილობრივ ბიუჯეტში.
მთავრობის განკარგულებით ტყიბულის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოეყო 1 მილიონი ლარი, რაც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება გზების, ხიდების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და სახურავების რეაბილიტაციისათვის. 52 ათას 800 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეკონსტრუქციის ჩატარებას გეგმავს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი,“ სადაც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 12 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოზე მეორე საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
დეპუტატებმა ორივე პროექტი კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია