საინფორმაციო შეხვედრა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა,“ ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მრჩეველი, ციური ანთაძე, უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში მოწყობილ შეხვედრას მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ძირითადად მიზნად ისახავდა ჩვენი მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში საინვესტიციო შესაძლებლობების არსისა და მათი აღწერის საჭიროებების გაცნობას. დამსწრე საზოგადოებისათვის მოხდა შესაბამისი ობიექტების აღწერის მეთოდიკის გაზიარება. აღინიშნა, რომ აქტივობა მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის როგორც ქალაქის, ისე სოფლების ეკონომიკური განვითარებისათვის. პროექტი მოიცავს ინფორმაციის მოპოვებას დასახლებულ პუნქტებში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შემდგომში მათ პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით , ისე მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ მოხდება, როგორც მასშტაბური, ისე მცირე და საშუალო საინვესტიციო შესაძლებლობების აღწერა, რადგანაც ისინი შედარებით ნაკლებადაა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება პირველად იმერეთში დაიწყო, უახლოეს პერიოდში კახეთს, შემდგომ კი, საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს. რესურსებისა და ობიექტების აღწერის შემდგომ ინფორმაცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის ვებ პორტალებზე განთავსდება, რომლის შედაგადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თუ სად შეიძლება განახორციელონ ინვესტიცია. შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებს სახელმძღვანელოდ დაურიგდათ საინფორმაციო მასალა საინვესტიციო რესურსების აღწერის მეთოდიკასთან დაკავშირებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველო მიგრაციის მაღალი ინტენსივობის ქვეყანაა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ემიგრაციის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 2 მილიონი კაცით შემცირდა. ქვეყნიდან ძირითადად გაედინებიან აქტიური, შრომის უნარიანი ასაკის მოქალაქეები. ამიტომაც საქართველოსა და მისი რეგიონების ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისათვის უმნიშვნელოვანესია საინვესტიციოდ არსებული პოტენციალის გამოყენება. სწორედ ამ მიზნით აუცილებელია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსების აღწერა და მათ შესახებ ინფორმაციის ფართო ხელმისაწვდომობა, რათა მოხდეს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ისე ადგილობრივების, საზღვარგარეთ მცხოვრები მიგრანტების თუ ქართული დიასპორის საინვესტიციო შესაძლეობობების გამოყენება.

აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ინიციატივითა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის მხარდაჭერით.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია