53476467_1361328087343235_291875364571971584_n

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ

  უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ.

  მოწვეული სპიკერები იყვნენ: კონსტანტინე ჟღენტი - ელჩი (უზბეკეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გიორგი ყარალაშვილი - ელჩი (თურქმენეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გოგა ტაბატაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;

  აქტივობის დაგეგმვას საფუძვლად დაედო 2017  წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის /შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

  მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც უსაფრთხო  ქვეყანა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქალაქეები არ იდევნებიან.  მათ შორის, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა ნიშნით. მოსალოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის გამო, შენგენის სივრცეში შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალოთ და 3000 ევროთი დაჯარიმდნენ.

  მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მოწვეული  ექსპერტები და საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს აცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესებს, და, ასევე, საუბრობენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება. მომდევნო  საინფორმაციო შეხვედრა იმერეთში, ქუთაისის შემდეგ,  სამტრედიაში,  20 მარტს,  გაიმართება.