DSCN2727

მხიარულ სტარტებში ორპირის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ტყიბულის სპორტის სასახლეში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფარგლებში, მხიარულ სტარტებში, გუნდური შეჯიბრება გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N4 ,N5, N6, N7 და გელათის, ორპირისა და კურსების საჯარო სკოლების 2004-2009 წ.წ. დაბადებული მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 8 გუნდი. თითოეული სკოლის მოასპარეზე ჯგუფი 6 გოგონას, 6 ვაჟისა და და 2 უფროსი წევრის (პედაგოგის ან მშობლის) შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

შეხვედრები მოიცავდა სამ სხვადასხვა სახეობას: სლალომს, ბაგირის გადაწევასა და ესტაფეტას. მოზარდებმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს საინტერესო და სახალისო თამაში აჩვენეს, რომელთაც ქულებით სპეციალური ჟიური აფასებდა.

ფინალში ერთმანეთს ორპირისა და გელათის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, სადაც, ჯამური ქულობრივი მაჩვენებლით, გამარჯვებული ორპირის სკოლის გუნდი გამოვლინდა.

მოძრავი თამაშებისათვის მსაჯების შერჩევა და საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება - სპორტულმა ცენტრმა, ღონისძიებისათვის სათანადო პირობების შექმნა კი,  - სპორტკომპლექსმა უზრუნველყო.

ტყიბულში  საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენსა და მხიარულ სტარტებში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. ყველა აღნიშნული სახეობის  გამარჯვებული გუნდები, მუნიციპალიტეტის სახელით, რეგიონულ ეტაპზე გაემგზავრებიან.

მარი ბაბუხადია

DSCN2719 DSCN2720 DSCN2723 DSCN2728 DSCN2730DSCN2729