15 სექტემბერს მთელი საქართველო „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აღსანიშნავად გაერთიანდა და საერთაშორისო კამპანიაში ჩაერთო, რომელიც მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისაკენაა მიმართული. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად შეუერთდა ამ საყოველთაო აქტივობას. ყველა მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულების ეზოები და ახლომდებარე გარემო, ქალაქის ცენტრალური ბაღები, პარკები, მოედნები, გარდა ამისა, გელათისა და მოწამეთის სამონასტრო კომპლექსისა და „მშვიდობის პარკის“ ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენების, სარეველა ბალახისა და ხმელი მცენარეებისაგან გაიწმინდა და გასუფთავდა. ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ, მერიამ და საკრებულომ, ისე კულტურის, სპორტული ობიექტებისა და კომუნალურმა გაერთიანებებმა, საზოგადოებრივმა და სასწავლო დაწესებულებებმა მიიღეს.
კამპანია ყოველ სექტემბერს ტარდება და მასში მილიონობით ადამიანი 150 ქვეყნიდან მონაწილეობს. მოძრაობას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა პლანეტის გარემოსდაცვით რუკაზე.
აქცია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მის ჩართვას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.
პროექტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ინიციატივით ხორციელდება.
ნათია მურუსიძე
2 thoughts on “„მსოფლიო დასუფთავების დღე“ ტყიბულში”
კომენტარები გამორთულია