43514762_1612165898887746_5186271081203236864_o

ილია სულამანიძე ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია

  ტყიბულელი ილია სულამანიძე ბუენოს აირესში გამართულ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოში, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ სახეობაში შეჯიბრი ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 52 სპორტსმენი ვაჟი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის საქართველოს მხოლოდ ტყიბულელი ფალავანი, ილია სულამანიძე, წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ მან ოთხი შეხვედრიდან სამი - მიჯრით მოიგო. პირველ წრეში სლოვენიელი პოგორევცი „იპონით“ სამ წუთში დაამარცხა, ანალოგიურად გაიმარჯვა არგენტინელ ალექო ბურგოსთან, დამატებით დროში. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი, თურქთა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, ომერ იადინს, სძლია „ვაზარით“. ფინალურ ორთაბრძოლაში ოქროსათვის ილიას მეტოქეობას ყაზახი ბეკარუს სადოუკასი უწევდა. აზიის მოქმედ ჩემპიონთან ქართველი ძიუდოისტი, დამატებითი დროის მესამე წუთზე, „ვაზარით“ დამარცხდა.

  17 წლის ფალავანი, ილია სულამანიძე, (მწვრთნელები: გია ობოლაძე, გრიგოლ სოფრომაძე, შალვა ბიბილაშვილი, ირაკლი მერკვილაძე) ტყიბულის სპორტული ცენტრის აღზრდილია. იგი მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია.

  ილია სულამანიძე:

2012   წელი - 11 წლის ასაკში გახდა საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

2014   წლიდან არის საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრი.

2016   წელი - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

2017   წელი - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

2017   წელი - საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის - მე-3 ადგილი.

2017   წელი - პოლონეთი. ევროპის თასი - მე-3 ადგილი.

2017   წელი - ლიტვა. ევროპის ჩემპიონატი - ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში.

2018   წელი - საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის - მე-2 ადგილი.

2018   წელი - რუსეთი. ევროპის თასი - პირველი ადგილი.

2018   წელი - ჩეხეთი. ევროპის თასი - მე 3 ადგილი.

2018   წელი - რუმინეთი. ევროპის თასი - პირველი ადგილი.

2018   წელი - ბოსნია ჰერცოგოვინა, ევროპის ჩემპიონატი - მე-3 ადგილი.