215_5509_01.MP4.Still001

ველორბოლაში გამარჯვებული მოზარდები დააჯილდოვეს

  1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ ორგანიზებით, 18 წლამდე მოზარდებისათვის  სპორტული შეჯიბრი მოეწყო ველორბოლაში, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვმა მიიღო.    მოასპარეზეები ორ  კატეგორიაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს, VIII კლასამდე ტურნირი პატარებში გაიმართა, VIII კლასის ზემოთ კი, - დიდებში. სტარტი N1 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან აითვალა და, თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, რბოლა, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ფინიშის ხაზთან დასრულდა.  საკუთარი ველოტრანსპორტით დაფარული მანძილის სისწრაფით დიდებში გამარჯვებული გიორგი ბრეგაძე, ხოლო პატარებში - გივიკო ისაკაძე გახდნენ. პირველი სამეულებისათვის ორგანიზატორებმა ფასიანი წამახალისებელი საჩუქრები დააწესეს, რომელიც მათ სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი მერკვილაძემ და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა, ალეკო ბიბილაშვილმა, გადასცეს. პრიზები მიიღეს, ასევე, ყველაზე მცირეწლოვანმა, 4 წლის, მონაწილემ, თემო გოჩელაშვლმა და ერთადერთმა მოასპარეზე გოგონამ, 5 წლის, ელენე ჩაფიჩაძემ.

ნათია მურუსიძე