888

ესეების კონკურსი: „ჩემი ადგილი თავისუფალ საქართველოში"

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეთათვის ესეების კონკურსი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და საგანმანათლებლო რესურსცენტრი არიან.   ინიციატივა და პროექტის ხელმძღვანელობა კი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების სამსახურს ეკუთვნის. კონკურსი მიზნად ისახავს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, ახალგაზრდებში ინდივიდუალური ნიჭისა და უნარის გამოვლენას, დამოუკიდებელი, არგუმენტირებული და კრეატიული აზროვნების წახალისებას. მასში მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლიდან, 14-დან 18 წლის ასაკის, 28 მონაწილე ჩაება. თითოეულს, მეტი ობიექტურობისათვის, შტრიხკოდიანი სამუშაო ფურცლები გადაეცა და დროის ხანგრძლივობა 2 საათით განესაზღვრა. სამი დალუქული კონვერტიდან ერთ-ერთი თავად კონკურსანტებმა აირჩიეს, რომელიც მათ თვალწინ გაიხსნა და გაირკვა ესეს სათაური: „ჩემი ადგილი თავისუფალ საქართველოში."

ნაშრომების გასწორებას, რომელიც 120 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს, განახორციელებს კომპეტენტური ჟიური კვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად. მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა. I-II-III ადგილებზე გასული გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, შესაბამისად, - 100-70-50 ლარით დაჯილდოვდებიან. ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

N6 საჯარო სკოლის დარბაზში გამართულ კონკურსის მსვლელობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დაესწრო. მან აღნიშნა: „მთელი საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ჩვენ გვაინტერესებდა, ბავშვებს როგორ ჰქონდათ გაცნობიერებული ეს თემა, რას ნიშნავს მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორი მძიმეა ეს უღელი თითოეულისათვის, რა პერსპექტივები აქვს თავისუფალ ქვეყანას ზოგადად და თვითონ როგორ გრძნობენ დამოუკიდებელ ქვეყანაში თავს. როგორ ესმით ჩვენს ახალგაზრდებს ეს საკითხები? -  აი, ეს აზრი გვაინტერესებდა ჩვენი მომავალი თაობისაგან."

საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა ჟიურის წევრმა, ისტორიკოსმა, ვასილ ქენქაძემაც: „თემა, რომელიც შევთავაზეთ მონაწილეებს, საშუალებას აძლევთ მათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება თავისუფლების, როგორც ღირებულებისა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების შესახებ. აღნიშნული კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობას კიდევ ერთხელ დააფიქრებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, როგორც თავისუფლების გარანტსა და ცხოვრებაში გადასადგმელ ნაბიჯებზე, რათა ისინი ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბდნენ."

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება 26 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში, საქართელოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

 

ნათია მურუსიძე

123 DSCN3488 665 konvertis gaxsna naceri satauri vaso 111 nashromi 345 meri aleko