215_5910_01.MP4.Still001

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეკრებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე,  დეპუტატები, მომხსენებლები, სხვადასხვა სამსახურისა და ა.(ა).ი.პ.-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით ექვსი პროექტი იქნა წარმოდგენილი. პირველი საკითხი, 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა, რაც ნაწილობრივ განაპირობა შემოსავლების ნაწილში სხვადასხვა განკარგულებით გამოყოფილი 161,4 ათასი ლარის (სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა), 13,5 ათასი ლარის (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები), 90,7 ათასი ლარისა (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით“) და 6 თვეში მიღებული სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლის 4,4 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვამ.

  მოსმენილ და შეფასებულ იქნა განკარგულების პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ 2019 წლის პირველ ნახევარში (6 თვეში) გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც განხილვის შემდეგ კენჭისყრით დამაკმაყოფილებლად შეფასდა. ასევე, ცნობად იქნა მიღებული ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის მიერ 2019 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

  ბოლო სამი საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა წარმოადგინა, რომელიც მერიასა და ა.(ა).ი.პ. „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “ შორის უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისათვის თანხმობის მიცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირებასა და საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებას უკავშირდებოდა.

  სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი მოსმენისა და განხილვის შემდეგ კენჭისყრით იქნა მიღებული.

მარი ბაბუხადია