ტყიბული დასავლეთ საქართველოს იმერეთის მხარეში, ნაქერალას ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 590 მეტრზე მდებარეობს.
"ოკრიბა" ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1071 წლის ნიკორწმინდის "იადიგარში", ხოლო ტყიბული (ტყვიბული) კი - დაახლოებით 1259-1293 წლით დათარიღებული ისტორიულ წყაროში "შეწირულების დაწერილ გელათის დაკანოზ იაკობისა ხახულის ღვთისმშობლისადმი". ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.
საინტერესოა ოკრიბის ისტორია ფეოდალურ ხანაში. აქ დაცულია ამ ეპოქის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლები: გელათის სამონასტრო ანსამბლი, მოწამეთის "ნაქალაქარი", ბუეთის "მთავარანგელოზების" ეკლესია და სხვა. ოკრიბა მდიდარია ისტორიული ძეგლებით.
ტყიბულის რაიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდ. წყალწითელას ხეობაში ე.წ. საკაჟიას გამოქვაბული ცუცხვათის მღვიმეში, ნაქერალას მთის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდ. საბელასურის ხეობაში.
ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში: გადაღმა წყალწითელა, სოჩხეთი, ჯვარისა, ოჯოლა, გელათი, კურსები. ოხომირა და სხვა. საინტერესოა "ციხე-გორას" ხებობა მდ. წყალწითელას ხეობაში, ბრინჯაოს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.
XIX საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ რაც აქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყო, ის სამრეწველო დაბა გახდა. 1939 წელს კი ტყიბული რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად გამოცხადდა.
ეკონომიკა
ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენა - 1825 წელს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1846 წელს დაიწყო. ქვანახშირის ბალანსური მარაგი 307 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო საერთო გეოლოგიური მარაგი კი ერთ მილიარდ ტონამდე აღწევს. საბჭოთა პერიოდში ქვანახშირის მომპოვებელი 4 შახტი და ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა ფუნქციონირებდა. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყვნენ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ტყვარჩელის თბოელექტროსადგური. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1450კაცია.
ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის, რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე - 28.0 მგვტ.
ტრანსპორტი
ტყიბულს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ამბროლაურის, სამხრეთით - თერჯოლის, აღმოსავლეთით - ჭიათურა, ხოლო დასავლეთით - წყალტუბოს რაიონები. უკიდურესი დასავლეთი ქიმით ტყიბული ქუთაისს ემიჯნება. საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი - 470 კმ2-ს. საქართველოს დედაქალაქიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ტყიბულიდან ქუთაისამდე 42 კმ-ია.
განათლება და კულტურა
ტყიბულში არის 6 საჯარო სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია, სპორტული ცენტრი, საჭადრაკო კლუბი "ტყიბული".
ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური - 03.
ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი "მეშახტე" და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი. ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია სპორტის სასახლე და საცურაო აუზი.საცურაო აუზზე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები და მალე იგი მსურველთა სამსახურში ჩადგება.
ა.(ა).ი.პ "ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი" 2015 წლის მაისში შეიქმნა, რომლის ძრითადი საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშულებების მჭიდრო კომუნიკაციას წარმოადგენს. რომლის მიზანია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკერებულოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გამჭვირვალობისა და პრობლემატური საკითხების გაშუქება, საჯარობა. ვებსაიტის მისამართია: infotkibuli.ge
75 thoughts on “ჩვენი ქალაქი”
კომენტარები გამორთულია